საზოგადოება
09/06/2021

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ₾8.3 მლნ დაიხარჯება

ქუთაისს ერთ წელში ოლიმპიური სტანდარტის აუზი ექნება, მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 8.3 მლნ ლარია.

პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.

აუზის მშენებლობის გახსნაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მშენებლობა 1 წელში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლური კაფსულა საძირკველში ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალთან ერთად ჩადო.

"გარდა ქუთაისისა, ჩვენ ასეთი დონის აუზს ავაშენებთ ასევე ზუგდიდში, ახალციხესა და რუსთავში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქუთაისის გარდა, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსების მშენებლობა პარალელურად კიდევ სამ ქალაქში - ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც დაიწყება. ოთხივე სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.