საზოგადოება
30/07/2021

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი გაიხსნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.

ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის.

“მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის წარდგენისას. 

მისი თქმით, აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ.

“პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევრებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კერა“,- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.