საზოგადოება
18/04/2021

ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა

ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სიახლეეებით ხვდება.

განახლებულმა აეროპორტმა მგზავრების მიღება დღეს დაიწყო.

ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა უკვე შეასრულა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

"ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ქუთაისის განახლებული აეროპორტით ვხვდებით. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა ოპერირირება. პირველი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა ვილნიუსიდან შეასრულა, დღესვე ასევე შესრულდება რეისი ვარშავიდან. აეროპორტის ტერმინალი განახლდა და ოთხჯერ გაფართოვდა. რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში Wizz Air-ი რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ქუთაისისთვის სრულია ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს. სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძე.

განახლებულ ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი  ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია  აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.