საზოგადოება
28/04/2021

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავება დაწყებულია

თბილისის მერიამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობა დაიწყო.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.

„არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა. რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მიზანმიმართულად ნადგურდებოდა და მათი გამოყენება სამშენებლო მიმართულებით ხდებოდა. ქალაქის სწორი განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. არ უნდა შევჩერდეთ და მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, 1990-იან წლებში კერძო მფლობელზე გასხვისდა.

„გვქონდა კონსულტაცია ტერიტორიის მფლობელთან, რომ მოხდეს განახლება და მოწესრიგება, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქვო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან კვლევებზე, შესაბამისად მასთან მაქსიმალურად დაახლოება და იმ შეუსაბამო ცვლილებების, შეცდომების გამოსწორება რაც წლების განმავლობაში იქნა დაშვებული, აუცილებელია ქალაქის ამ უმნისვნელოვანესი რეკრეაციული არეულის გაჯანსაღებისთვის."– ამბობს თბილისის მერი.