კუს ტბის განვითარების კონცეფცია საარქივო მასალებს და კვლევებს დაეყრდნობა
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ კუს ტბის ტერიტორიის განახლებაზე ისაუბრა.
მისი თმით, პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე, ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმებისა და მხატვრული არიტექტურის გადაწყვეტები.
"კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან კვლევებზე, შესაბამისად მასთან მაქსიმალურად დაახლოება და იმ შეუსაბამო ცვლილებების, შეცდომების გამოსწორება რაც წლების განმავლობაში იქნა დაშვებული, აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის.
აუცილებელი იქნება ასევე, ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე საკითხის გატანა, მათი რეკომენდაციების მოსმენა-გათვალისწინება და შემდეგ უნდა მოხდეს პროექტის შემუშავება. დარწმუნებული ვარ, განახლების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ამ ტერიტორიით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე ქალაქი. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ამიტომ, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სხდომაზე თბილისის მერმა ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს მიმართა, რომ შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად დაიწყოს აქტიური მუშაობა მფლობელებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას შემუსავებული კუს ტბისა და მიმდებარე არეალის კონცეფცია.