საზოგადოება
03/12/2021

კულტურის სამინისტრომ ავტომობილებისა და მიკროავტობუსების შესაძენად ₾1.25 მლნ-იანი ტენდერი გამოაცხადა

კულტურის სამინისტროს 4 მსუბუქი ავტომობილისა და 10 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერი აქვს გამოცხადებული. 4 მსუბუქი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 317 056 ლარია, 10 მიკროავტობუსის ღირებულება კი, 925 533 ლარი. 

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, 4 მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვა სამინისტროს აპარატისთვის იგეგმება.  

"სამინისტროს აპარატში შეიქმნა გენერალური ინსპექცია. აღმოვჩნდით იმ პრობლების წინაშე, რომ გენერალური ინსპექცია, რომელმაც უნდა მოიაროს რეგიონები, არის უმანქანოდ. ეს მანქანები საჭიროა იმისთვის, რომ თუნდაც უშგულში ლამარია მოინახულოს და ამბავი ჩამოიტანოს რა არის იქ გასაკეთებელი, პროფესიულ ენაზე და არა მხოლოდ ისე, რომ ცუდად არის საქმე და გასაკეთებელია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

რაც შეეხება 10 მიკროავტობუსს, მისი თქმით, მათი შეძენა იგეგმება რეგიონული თეატრებისთვის, რადგან მათ სხვადასხვა რეგიონებში იარონ და წარმოდგენები გამართონ. 

"სამინისტროს თავისი ქოლგის ქვეშ ჰყავს 29 თეატრი და მათ ამ ეტაპზე ჰყავთ 3 ავტობუსი. აქედან, ერთი არის 1989 წელს გამოშვებული მერსედესის მარკის, რომელიც ძალიან მინდა, მაგრამ არ დადის, და 2 არის 1967 წელს გამოშვებული ე.წ. ყუბანი. როდესაც დავაფინანსეთ არაერთი პროექტი და ვთქვით, რომ თეატრებმა იარეთ რეგიონებში, კულტურაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, 1 რეგიონის თეატრმა გასტროლი უნდა გამართოს მეორე სხვა რეგიონში, აღმოსავლეთის თეატრმა დასავლეთში და პირიქით, გამოვყავით სადადგმო ხარჯი, საგასტროლო ჰონორარები, აღმოჩნდა, რომ 2 "ყუბანის" და 1 მიკროავტობუსის ფონზე, რომელიც 1989 წელს არის გამოშვებული, არცერთ მათგანს არ ჰყავდა გადაადგილების საშუალება და ჩვენ მოგვიწია სატრანსპორტო საშუალებების ქირაობა. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეძინა ეს 10 მიკროავტობუსი, რომლებიც გადაეცემა მესხეთის თეატრს, ქუთაისის დრამატულ თეატრს და თოჯინების თეატრს, ბორჯომის თოჯინების თეატრს, ფოთის თეატრს, დმანისის თეატრს და ა.შ", - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.