"კრიზისის დროს მინისტრებს არ ცვლიან, ახლები პრობლემებს ალღოს სწრაფად ვერ აუღებდნენ"
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. იცვლება მხოლოდ 2 მინისტრი - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ნაცვლად პრემირობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძე წარადგინა, თავდაცვის მინისტრის კანდიდატად კი ჯუანშერ ბურჭულაძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ არა თუ რადიკალურ ცვლილებებს, ამასაც არ ელოდა.
„კრიზისის პერიოდში მინისტრებს არ ცვლიან, როდესაც კრიზისი დინამიური და მუდმივად ცვალებადია ახალ მინისტრებს ამასთან შეგუება დასჭირდებოდათ და სწრაფად ვერ აუღებდნენ ალღოს. განსაკუთრებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრის ცვლილება, ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორში არსებულ კრიზისის მოგვარების მექანიზმებს შეაფერხებდა. პოლიტიკურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა,“ – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
გიორგი გახარიას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა, საყვარელიძე კარგ მმართველად აფასებს.
„მან დანის პირზე გავლა მეტ-ნაკლებად მოახერხა. კარგად მოუარა კოვიდის პრობლემას, თან ისე, რომ მეტ-ნაკლებად შეუნარჩუნდა ეკონომიკას კურსი. მისი გადადგომა, ყველა ნიშნით მოსახლეობაში კრიზისის გამომწვევი იქნება. ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება თუ არა კრიზისი, ეს კიდევ გასარკვევია და პოლიტიკურად ბევრი რამ იცვლება ამ გადადგომით. ბიძინა ივანიშვილიც წასულია, გიორგი გახარიაც წავიდა, რაღა დარჩა?“- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.