კორუფციული სქემა არ ყოფილა - გვენეტაძე სებ-ის შენობისთვის ნაყიდი მიწის მფლობელისთვის დაბრუნებაზე
კონტრაქტი აღსრულდა, მიწა დაუბრუნდა მფლობელს, - ასე პასუხობს კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის ახალი ოფისის მშენებლობის მიზნით მიწის ფართის მფლობელისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასმულ კითხვას.
სებ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ შენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.
"დაიდო ხელშეკრულება, რომელიც მთლიანად შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. იმ კონტექსტში მიწა, რომელზეც შენობა უნდა აშენებულიყო, მნიშვნელოვანი იყო. ეს იცოდა გამყიდველმა, აქედან გამომდინარე კონტრაქტი აღსრულდა და მიწა დაუბრუნდა თავის მფლობელს, თავისივე ხარჯით. ამ დეტალებში ვერ შევალ. 81 მლნ-ის ხსენება არ არის სწორი და არ გადაგვიხდია. მარტივად რომ ვთქვათ, ხელშეკრულების არსი იყო ამაში: ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი არის სამ სხვადასხვა შენობაში, ამავე დროს ფუნქციების ზრდის გამო გაიზარდა ეროვნული ბანკის თანამშრომლების რაოდენობდა და მომავლში კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრი მიმართულებაა და შევიძინეთ დამატებითი ფუნქციები,” - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება კანონის შესაბამისად აღსრულდა და მიწა დაუბრუნდა თავის მფლობელს, რაშიც ეროვნულ ბანკს არცერთი თეთრი გადაუხდია.
არჩილ კაიკაციშვილის კითხვას, იყო თუ არა ეს კორუფციული გარიგება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს, რომ არანაირი კორუფციული სქემა არ ყოფილა, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დადოს ხელშეკრულება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ახალი ოფისის აშენებას გეგმავდა. ახალი შენობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ამერიკული არქიტექტურული კომპანია GLMV Architecture Inc-ის მომზადებული პროექტის საფუძველზე უნდა აშენებულიყო. პროექტის სრული ღირებულება 50 მლნ დოლარად იყო შეფასებული. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის დროზე ეროვნული ბანკი ამის გამო გააკრიტიკა კიდეც, მას მიაჩნდა, რომ შენობა უფრო მოკრძალებული შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფისის აშენებაზე უარი განაცხადა და 9000 კვ. მეტრამდე არსებული მიწი ფართი მესაკუთრეს, კომპანია "სითი ცენტრს" უკან დაუბრუნა. უარის თქმის მიზეზად თბილისის მერიის გადაწყვეტილება დასახელდა - დედაქალაქის მერიამ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაიწუნა.