საზოგადოება
05/07/2021

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.

საკითხი ეხება ,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-სა და ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის ფაქტს.

საჩივრის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენა, რაც შესაბამისი ბაზრის შეზღუდვაში ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებით და მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ექსკლუზიური სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების დადებით გამოიხატება.

 საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა - კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი. 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა.

ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 2 საქმე და 3 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა.