საზოგადოება
13/01/2022

კომუნიკაციების კომისიამ რადიო "ფორტუნას" ლიცენზიის ვადა 5 წლით უფასოდ გაუგრძელა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, "რადიო ჰოლდინგ ფორტუნას" კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უსასყიდლოდ გაუგრძელდა.

"რადიო ჰოლდინგ ფორტუნას" რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2022 წლის 30 იანვარს ეწურებოდა, თუმცა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რადიომაუწყებლებმა კომისიას და მთავრობის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მომხდარიყო რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის მოქმედების უსასყიდლოდ გაგრძელება, ხოლო მეორეს მხრივ, ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ რადიომაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, კომუნიკაციების კომისიამ, მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა რადიომაუწყებლების თხოვნა. საქართველოს პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით რადიოებს ტელერადიოცენტრის მიმართ არსებული დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერათ. 

2021 წლის ბოლოს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 10 რადიომაუწყებელს, რომლებსაც ლიცენზიების  მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ,  კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, უფასოდ გაუგრძელდათ. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და კომუნიკაციების კომისია ყველა იმ რადიომაუწყებელს, რომელთა ლიცენზიებსაც ერთხელ უკვე გაგრძელებული ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურებათ, ლიცენზიის მოქმედების პერიოდს უფასოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს",- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.