საზოგადოება
24/06/2023

კოლეჯი "ბლექსი" - სამშენებლო და სარესტორნო მიმართულებების შესწავლაზე ინტერესი დაბალია

შრომის ბაზარზე არსებულ კადრის დეფიციტზე ამჯერად კოლეჯი „ბლესის“ დირექტორი ამახვილებს ყურადღებას. როგორც  გიორგი გოგიტიძემ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან განაცხადა, ბაზარზე პროფესიონალ კადრზე მოთხოვნა-მიწოდება საკმაოდ არათანაბარია.

მისი ინფორმაციით, ამ მხრივ, განსაკუთრებული პრობლემა სამშენებლო და სარესტორნო მიმართულებებზეა. როგორც გოგიტიძე აცხადებს, აღნიშნულ მიმართულებებზე მოსახლეობის დაინტერესება ძალიან დაბალია, თუმცა, ბაზარზე  შესაბამისი კადრის მოძიება - რთული.  

„სამშენებლო მიმართულებით დაინტერესების სიმცირის მიზეზი ბევრია, თუმცა, მთავარი ფაქტორი ის არის, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად კადრები სერტიფიკატებისა და დიპლომების გარეშეც საქმდებიან,“ -აცხადებს გოგიტიძე.

მისი თქმით, მიდგომები ეტაპობრივად იცვლება, ვინაიდან რიგი კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე და  კონკურენტუნარიანები არიან როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, მათ გააზრებული აქვთ პროფესიონალი კადრების მნიშვნელობა. შესაბამისად, ისინი სერტიფიკატებსა და გარკვეულ ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვენ.

როგორც კოლეჯი „ბლექსის“ დირექტორი აღნიშნავს, პროფესიული განათლება ბიზნესის გარეშე და ბიზნესი პროფესიული განათლების გარეშე წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 

 

Businesspartner