საზოგადოება
22/06/2021

ქობულეთის ინტერნეტიზაცია წლის ბოლოს დასრულდება

ოზურგეთის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეორე საპილოტო პროექტის განხორციელებაზე უკვე გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვაც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება და კიდევ 10 500 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ფართოზოლოვანი მომსახურებებით.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განხორციელების მიზნით, აჭარაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ განაცხადა, რომ ქსელის მშენებლობის დასაწყებად და მშენებლობის პროცესში საჭიროა ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაცია.

"საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირველი საპილოტე პროექტი იყო დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ ყოველი შემდგომი პროექტი ასეთივე წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნა მარიამ სულაბერიძემ.

„ოუფენ ნეტის“ დირექტორი იმედოვნებს, რომ ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობით კერძო სექტორი დაინტერესდება.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში გამოცხადებული შესყიდვით კერძო სექტორი დაინტერესდება, მიიღებს ამ გამოწვევას და სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი საპილოტე პროექტი დასრულებულია.

კომპანია “ოუფენ ნეტმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-იანი ფართოზოლოვალი ინფრასტრუქტურა ააშენა.  საპილოტე პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში 29 000-მდე ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტზე ექნება წვდომა. პროექტის განხორციელებით შეიქმნა შესაძლებლობა, თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო საჯარო და კერძო ორგანიზაციებმა 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი. ფართოზოლოვანი ინტერნეტი ოზურგეთის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით.