კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებაში საქართველოს შვეიცარია დაეხმარება
შვეიცარია საქართველოს კლიმატის ცვლილებების შემცირებაში დაეხმარება. მხარეებმა ხელშეკრულება ბერნში გააფორმეს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მთავრობათაშორისი პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიასთან გაფორმებულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, რ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არამხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შვეიცარიის მხრიდან შეთანხმებას ხელი შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ მოაწერა.
„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს”, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა.