საზოგადოება
29/06/2021

ხმალაძე: ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის ეკონომიკურად გამართული მოდელი შემუშავდა, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება

ირაკლი ხმალაძის თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება და სხვადასხვა პროექტები მეტწილად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება.

თბილისის ანძის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამოვლენილი კომპანია უკვე საკვლევ სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა რადიოქალაქის განვითარების პროექტზე. მისი თქმით, ამ პროექტმა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

„იმის გამო, რომ ჩვენ შევძელით ამ პროექტის სწორი ეკონომიკური მოდელირება, ეს პროექტი გავყიდეთ და ბიუჯეტმა მიიღო 23 მლნ ლარი, ხოლო ამ პროექტის განხორციელება მოხდება მოზიდული კერძო ინვესტიციით, რომელიც იქნება დაახლოებით 8 მლნ დოლარი. ბიუჯეტს არათუ რაიმე თანხა დაუჯდა ეს პროექტი, არამედ, პრივატიზაციის გზით ბიუჯეტში შემოსავლები 23 მლნ ლარით გაიზარდა“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, ასევე ხორციელდება გადასასვლელი ხიდების პროექტი.

მისივე თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია ასეთი ხიდების ზებრა გადასასვლელებით ჩანაცვლება, ნაცვლდება, ხოლო იქ, სადაც ჩქაროსნული მაგისტრალებია, ხორციელდება ხიდების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი ხმალაძემ ასევე ისაუბრა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 17 სამშენებლო პროექტი ხორციელდება და $125 მლნ–ზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული.