ხელფასები მომავალი წლიდან თბილისის მერიაშიც გაიზრდება
მომავალი წლის იანვრიდან ანაზღაურების გაზრდა თბილისის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.
კახა კალაძის თქმით, არსებული განაკვეთები წლებია არ შეცვლილა, სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა.
მერმა მოადგილეებს დაავალა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, იმუშაონ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.
„საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება მნიშვნელოვანია და სწორი. პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა პანდემიამ შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, როგორც ეს ჩვენ პრემიერის განცხადებიდან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით, კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს.
"უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოვოთ. უნდა ვიმუშაოთ, რომ იანვრიდან უკვე შევძლოთ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.