საზოგადოება
11/03/2021

ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროები დახმარებას ითხოვენ

ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები დახმარებას ითხოვენ, საქმე ეხება ახალ რეგულაციებს, რომელიც 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

კონკრეტულად, ძალაში შედის რამდენიმე წლის წინათ მიღებული მთავრობის დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე. ნორმა ითვალისწინებს სახერხი საამქროების ვიდეო მონიტორინგის სისტემით აღჭურვას. 

საამქროების წარმომადგენლებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, ხე-ტყვის გადამამუშავებელი სახერხების მფლობელები რეგულაციის გადადებას ითხოვენ რამდენადაც კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთად დააწვებათ. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმება იქნებოდა უფრო უპრიანი.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებთან - ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი - ვიმუშაოთ, რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და, შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს რეგულაციები მძიმე ტვირთი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.