ხათუნა ბურკაძე EU-ს წევრობის განაცხადზე: გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ფაქტორი უნდა იყოს
"ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორის ხათუნა ბურკაძის შეფასებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. პროცესი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველი უნდა გახდეს.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, დღეს ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიული ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებისგან მეტ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. საქართველოც რუსეთის აგრესიული მოქმედებების სამიზნე არაერთხელ აღმოჩნდა, დღესაც მცოცავი ანექსიის პირობებში გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ფაქტორი უნდა იყოს.
"ვფიქრობ, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოში შეტანილ განაცხადს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს პროცესი საქართელოსათვის უნდა გახდეს საფუძველი ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რომლის შედეგად ქვეყნის ევროპული პერსპექტივა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.
დღეს ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც განსაზღვრავს ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის მომავალს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიული მოქმედებები წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგული აქტორებისგან მოითხოვს მეტ არაორდინალურ და მტკიცე გადაწყვეტილებებს, რათა შევაჩეროთ სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელების სიცოცხლის ხელყოფა.
სუვერენული საქართველოც არაერთგზის აღმოჩნდა სამიზნე რუსეთის აგრესიული მოქმედებების. ჩვენი გმირი ჯარისკაცები იცავდნენ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებას სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით. დღესაც ჩვენ ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, ამ პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ფაქტორი უნდა იყოს", - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
ხათუნა ბურკაძე განმარტავს, რა პროცედურებია გასავლელი ჯერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შემდეგ უკვე ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
"საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უშუალოდ გაიგზავნა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, რადგან ამ პერიოდში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთია. დოკუმენტის ასლი კი იგზავნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. აღნიშნული ჩამონათვალი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია ყველა ზემოთ აღნიშნული ევროკავშირის ორგანო. ამასთანავე, ევროკავშირის საბჭო განაცხადს უგზავნის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებსაც.
რაც შეეხება სტანდარტულ პროცედურებს, განაცხადის შეტანის შემდეგ ევროკომისია, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო იწყებს იმის შესწავლას, თუ რამდენად შეესაბამება სახელმწიფო „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“. აღნიშნული კრიტერიუმები აერთიანებენ სამ მთავარ კომპონენტს: პოლიტიკურ კრიტერიუმს, რომელიც გულისხმობს მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებას დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დასაცავად; ეკონომიკურ კრიტერიუმს - ეკონომიკური სისტემის მდგრადობასა და ევროკავშირის ბაზართან კონკურენციის უნარს; სამართლებრივ კრიტერიუმს - ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას.
ევროკავშირის საბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციებისა და ევროპარლამენტის თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელსაც ევროპული საბჭო ამტკიცებს. შემდგომი ეტაპი გულისხმობს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას კანდიდატ ქვეყანასთან. ევროკომისია იწყებს სამართლებრივი „სკრინინგის“ პროცესს, რათა საბოლოოდ დარწმუნდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობაში. კონფერენციის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სამართლებრივი სფერო. ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მხარდაჭერით კანდიდატ სახელმწიფოსთან ხელი ეწერება გაწევრიანების ხელშეკრულებას. მისი რატიფიცირება სავალდებულოა ყველა ხელშემკვრელი მხარის მიერ მათი საკონსტიტუციო მოთხოვნების გათვალისწინებით. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ასევე საბოლოო გაწევრიანების პროცესის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ცალკეულ შემთხვევებში განსხვავებული ვადები მოქმედებს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცედურები არ ეხება დაჩქარებული წესით საკითხის განხილვას. შესაბამისად, ამ მიმართულებით რა ტიპის ცვლილებებს განახორციელებს ევროკავშირი, ეს წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული", - აცხადებს ხათუნა ბურკაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საქართველო პოლარიზაციიდან განვითარების საერთო დღის წესრიგის შემუშავების პროცესზე გადავიდეს. კონსოლიდაციითა და სწორი სტრატეგიული ხედვით კი შესაძლებელი იქნება ევროკავშირში პარტნიორების დარწმუნება, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მეტს იმსახურებს.
"დღეს აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობა, სტაბილურობა. პოლარიზაციიდან უნდა გადავიდეთ ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების საერთო დღის წესრიგის შემუშავების პროცესზე. სიმტკიცით, კონსოლიდაციითა და სწორი სტრატეგიული ხედვებით კი შევძლებთ ჩვენი პარტნიორების ევროკავშირში დარწმუნებას, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მეტს იმსახურებს. ეს მეტი კი ამ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც უნდა გახდეს მყარი საფუძველი ჩვენი ევროპული მომავლისათვის", - აცხადებს ხათუნა ბურკაძე.