კერძო სამედიცინო სექტორი მათი შემოწმების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსგან მეტ კვალიფიკაციას ითხოვს
"ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისგან ხარისხიან მომსახურებას ითხოვს, ბუნებრივია, თუმცა ჩვენ, კერძო სექტორი, უფრო მეტად ვითხოვთ ხარისხს და ათასობით რეგულაციას ვაკმაყოფილებთ"- ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის ასოციაციასაც წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კლინიკებში ინფექციების კონტროლმა სისტემური სახე მიიღო და ზოგ კლინიკაში კონტროლი უკვე 2-3-ჯერაც განხორციელდა. ნინო კობახიძე აცხადებს, რომ შემოწმებებს მიესალმება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული შემოწმებაც უფრო კვალიფიციური უნდა იყოს
მისივე თქმით, კერძო სექტორმა ჯანდაცვის უწყებას არაერთი სასამართლო მოუგო არასამართლიანი ჯარიმების გამო.
„ამას მხოლოდ მივესალმებით თუ შემოწმება იქნება იმაზე კიდევ უფრო კვალიფიციური, ვიდრე ახლა ვუყურებთ, რომ „კი“ ან „არას“ კი არ იტყვიან, არამედ უფრო დეტალებში ჩავლენ და იტყვიან, რომ, მაგალითად კლინიკა სტანდარტებს 90%-ით აკმაყოფილებს. მაგრამ შესაბამის ხარისხში შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნაც ავტომატურად წარმოგვეშვება,“- აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, უსამართლობაა, რომ იმ კლინიკებისთვის, რომლებმაც ტარიფი 2012 წელს ატვირთეს და იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სხვადასხვა შპს-ს აფუძნებდნენ და ყოველ წელს სხვადასხვა ტარიფს ტვირთავდნენ, ტარიფი განსხვავებულია და პირველი მათგანი გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე მეორე. ეს კი, ნინო კობახიძის შეფასებით, ბაზრის მოთამაშეებს არათანაბარ და უსამართლო პირობებში აყენებს, რაც ინდექსაციის გზით უნდა გამოსწორდეს.
„მაგალითად ვანში, ჩვენს ჰოსპიტალში გარკვეული სერვისი თუ ღირს 1000 ლარი, თბილისში კონკრეტულ კლინკაში ღირს 10 ათასი ლარი. ეს აბსოლუტურად უსამართლო რეჟიმში გვაყენებს ბაზრის მოთამაშეებს. კოვიდი რომ გვერდით გადავწიოთ, 2016-2019 წლებში ეს ტარიფი ვეღარ უძლებდა ვეღარანაირ კრიტიკას და ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის იმდროინდელ მენეჯმენტთან,“ – ამბობს კობახიძე. მისი განმარტებით, კომუნალური გადასახადების ზრდამ, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების გაძვირებამ, ასევე ინფლაციამ, შეუძლებელი გახადა 2012 წელს დადგენილი ტარიფებით ოპერირება. ნინო კობახიძის განცხადებითვე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ კლინიკა ზარალზე არ წავიდეს, არამედ ის, რომ ჰქონდეს ზუსტი სურათის აღქმა, საით მიდის ჯანდაცვის პოლიტიკა – რომ, მაგალითად, პირველი იანვრიდან სამართლიანი წესების მოთამაშე გახდები.
„მილიონიბით ლარის და დოლარის მოზიდვა შეგვიძლია სექტორს, მაგრამ ეს უნდა იყოს გამართლებული. ჯანდაცვის უწყების ერთი ხელმძღვანელი რომ გეტყვის, რომ ამის და ამის გაკეთება სურს, მისმა ცვლილებამ არ უნდა მოიტანოს ამ გეგმების შეცვლა. ვფიქრობ, სამინისტროში ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში არიან, რა იყო, როგორ იყო, შემდეგ კოვიდი დაემთხვა და ახლა ფიქრობენ, როგორ გაკეთდეს დიარჯის სისტემა,“- აღნიშნავს კობახიძე.
მისი განცხადებით, დიდ პატივს სცემს ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თუმცა შეახსენებს მას, რომ საქართველოში 85% კერძო კლინიკები ოპერირებენ და სექტორი ტარიფების საკითხზე უკვე 5 წელია საუბრობს. კერძოდ, საუბრობს იმაზე, რომ გაზრდილი ხარჯების ფონზე, პაციენტის მკურნალობას ფიზიკურად აღარ ჰყოფნის ის თანხა, რასაც „საყოველთაო ჯანდაცვა“ იხდის და ეს ეხება არა მხოლოდ რეანიმაციას და კარდიოლოგიას, არამედ ყველა სერვისს.
რაც შეეხება „დიარჯის“, ნინო კობახიძე ამბობს, რომ ესაა რთული დასაგეგმი სისტემა და ბევრი ქვეყანა მის დაგეგმვამდე სხვა მექანიზმებს იყენებს, რათა გარკვეული სერვისები გაიაფდეს. მაგალითად კობახიძეს მოჰყავს კონკრეტული სამედიცინო აპარატურის ან სახარჯი მასალების ერთიანი სახელმწიფო შესყიდვა, ასევე კონკრეტული ჯგუფების კერძო დაზღვევაში გადაყვანა.
„სახელმწიფოს, რა თქმა უნდა აქვს უფლება, თქვას, რომ გარკვეულ ფასად ყიდულობს სერვისს, მაგრამ ეს ხარჯი ხომ საიდანმე უნდა გამოვიდეს – ექიმის და ექთნის ხელფასიდან, ინფლაციიდან, სახარჯი მასალების ტარიფიდან. შეიძლება თქვას, რომ იხდის კონკრეტულ თანხას და მოგების მარჟას განსაზღვრავს მაგალითად 7-8 პროცენტით. ჩვენ ორი წელი მოვანდომეთ განახლებული „კატეების“ შეძენას, კლინიკების ინფრასტრუქტურის გარემონტებას. ხარისხი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში პაციენტი ზარალდება და დაიწყება მიგრაცია იმ კლინიკებში, რომლებიც მოჭარბებულია. ამ მხრივ ჩვენც და სახელმწიფოც ერთ ნავში ვსხედვართ. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ როდის იქნება სწორი ინდექსაცია,“ – განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ბოლო 4 თვე, რაც კოვიდი დასრულდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორი ზარალშია.
შეგახსენებთ: გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ “დიარჯის“ ამოქმედებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება და ეს იმით დაასაბუთა, რომ გაურკვეველია, საიდან უნდა ამოვიდნენ ინდექსაციის პროცესში.
მან ასევე აღნიშნა, რომ გული წყდება, კლინიკების მხრიდან აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე რომ ხდება.
„ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ვჯერდებით და მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს ადეკვატური და არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. იყოს დაკმაყოფილებული სტანდარტები, რომელსაც კლინიკებს ეტაპობრივად მოვთხოვთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ივლისისთვის შემუშავებული იქნება რეანიმაციის ახალი სტანდარტები და რომელი სამედიცინო დაწესებულებაც დააკმაყოფილებს მათ, ის მიიღებს განახლებულ, ინდექსირებულ ტარიფებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით, ეს მოხდება რეანიმაციულ სერვისებზე, დიარჯის ამოქმედებამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ მინისტრმა „დიარჯის“ სრულად ამოქმედება წლის ბოლოსთვის დააანონსა.