კერძო საბავშვო ბაღები სახელმწიფო რეგულაციის ქვეშ გადადიან - რეგისტრაცია დაწყებულია
კერძო საბავშვო ბაღებმა 2023 წლის პირველ იანვრამდე განათლების სამინისტროში რეგისტრაცია უნდა გაიარონ, 2025 წლამდე კი მათი ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კერძო ბაღების ასოციაციის დამფუძნებელმა პავლე კალიაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ავტორიზაციის უფლებას მიიღებენ მხოლოდ დარეგისტრირებული ბაღები.
ეს სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონის მოთხოვნაა. ამასთან, ბაღების ნაწილისთვის რეგისტრაციის ვადა ერთი წლითაა გახანგრძლივებული: კანონის თანახმად, საბავშვო ბაღი, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდეა დარეგისტრირებული და სურს საქმიანობის გაგრძელება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
იმ ბაღებს კი, რომლებიც 2022 წლის ივლისის შემდეგ გაიხსნა, ამისთვის კიდევ 1 წელი აქვთ მიცემული.
2025 წლიდან უკვე ავტორიზაციის პროცესი დაიწყება, რაც გულისხმობს ბაღების მიერ სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოს დადგენილი სტანდარტის შესრულების დადასტურებას. პროცესი 2030 წლამდე გაგრძელდება, სწორედ 2030 წელია ის ვადა, რომლის შემდეგაც ბაღი, რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლის, დაიხურება.
კანონი საბავშვო ბაღების მიმართ სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს. მათ შორის იმას, რომ დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის თავიდან აცილება, ეფასება, მის შესახებ შეტყობინება და მასზე შესაბამისი რეაგირება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად. დაწესებულება ასევე ვალდებულია დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი. კანონით ასევე გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტები, მაგალითად ის, რომ ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ-მეორე სართულზეა შესაძლებელი. განათლების სამინისტრო ადგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს.
ამასთან, განსაზღვრულია ერთ ჯგუფში აღსაზდელებისა და აღმზრდელების რაოდენობა.
კერძოდ, 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა; 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.
ამ ეტაპზე კერძო ბაღებში შესაბამის შემოწმებას შრომის ინსპექცია და სურსათის ეროვნული სამსახური ახორციელებენ. პირველი მათგანი შრომის უსაფრთხოების პირობებს, მეორე კი საკვების ხარისხს ამოწმებს.
პავლე კალიაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღების ავტორიზაცია წლებია მზადდება და ეს აუცილებელი რეფორმაა.
რაც შეეხება კერძო საბავშვო ბაღების ბიზნესს, რომელიც პანდემიის პერიოდში ერთერთი ყველაზე დაზარალებული სფერო იყო, კალიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სექტორი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. მისივე განმარტებით, მიუხედავად პანდემიის პერიოდში მიღებული ზარალისა, ბაღებს გადასახადი არ გაუძვირებიათ.