საზოგადოება
05/11/2021
კელი დეგნანი: ვაქცინა ერთადერთი გზაა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ
აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს, რადგან ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
"ჩვენ გვაღელვებს საქართველოში COVID-19-ის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დაავადების შემთხვევათა შესამცირებლად და რაც მთავარია, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად. აქ ორი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ ცოტა რამ იყო COVID-19-ზე ცნობილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ მის შესახებ და რაც მთავარია, შევიტყვეთ, რომ ვაქცინას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები ამ ვირუსისგან. საქართველოში ბევრმა გადაიტანა კოვიდი ან იცნობს ადამიანებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს დაავადება და საავადმყოფოში აღმოჩდნენ ან გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, 10 000-ზე მეტი ქართველია გარდაცვლილი COVID-19-ით. ეს სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მეცნიერების დახმარებით, ჩვენ გვაქვს პასუხი ამ გამოწვევაზე, რაც არის ვაქცინაცია", - აღნიშნა კელი დეგნანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა მიდგომები განიხილეს.
"ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, სანამ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება. შეხვედრის დროს ასევე ნაყოფიერი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებული შტატების მთავრობას გააგრძელოს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა პანდემიაზე რეაგირების კუთხით. ჩვენ ორი წელია ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან, ასევე საქართველოს წითელ ჯვართან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, მზად ვართ დაგეხმაროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ვაქცინა უსაფრთხო და მნიშვნელოვანი მათთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.
რაც შეეხება "მწვანე ბარათის" ინიციატივას, კელი დეგნანის თქმით, ის ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში.
"მწვანე ბარათი" დაეხმარა ადამიანებს გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთვის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. "მწვანე ბარათს" ნამდვილად შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია საქართველოშიც ასე იქნება", - აღნიშნა კელი დეგნანმა.