ფოტო: istock
საზოგადოება
10/12/2021

ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ

ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოში აღიარებენ.

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის „მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ" მემორანდუმს ხელი ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში მოეწერა.

„ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ტანკერების მართვაში სპეციალიზდება", - განმარტავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

საუდის არაბეთის სამეფოს დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეზღვაურებს.

„ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ვგეგმავთ მჭიდრო კომუნიკაციას გემთმფლობელ კომპანიებთანაც", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მომავალში იგეგმება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საუდის არაბეთის სამეფოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა - ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ჰეიკ დეგიმი და საქართველოს ელჩი, IMO-ში მუდმივი წარმომადგენელი სოფიო ქაცარავა.