ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ
ქართველი მეზღაურებისთვის დასაქმების არეალი ფართოვდება, - ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ნათია თურნავას განცხადებით, დოკუმენტი ქართველი მეზღვაურების ტრენინგის სერტიფიკატის აღიარებას გულისხმობს და ქართველი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში.
„ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც კარგი მომზადებით, სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ქვეშ მცურავ გემებაზე არიან დასაქმებული და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეიდან ისინი შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტის, მათი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებასაც", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება.
ქართველ მეზღვაურებს, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს.