ქართველები სხვა გერმანელ დამსაქმებლებთან გადანაწილდებიან - სააგენტოს განმარტება
„ხარვეზების გამოსწორება დაწყებულია,“ – აცხადებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველების მიმართ დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება გერმანიაში დასაქმებულ ქართველთა ნაწილის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევას. ნინო ველთაური ამბობს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.
"გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებს ითვალისწინებს და ამ დროისთვის ეს მექანიზმები ამოქმედებულია. საუბარია საქართველოდან გერმანიაში დროებითი დასაქმების მიზნით 9 მაისს გამგზავრებულ ჯგუფზე, რომელთაც როგორც ირკვევა, ადგილზე არც შესაბამისი საცხოვრებელი პირობები დახვდათ და დამსაქმებელმა ასევე დაარღვია კონტრაქტით აღებული ვალდებულება სამუშაო საათებისა და ანაზღაურების თაობაზე", - განმარტავს ნინო ველთაური.
მისი განმარტებით, გერმანიის ფედერაციაში 4 ჯგუფია გამგზავრებული და სააგენტო თითოეულ მათგანთან არის კონტაქტზე.
"ჩვენ 10 მაისიდან ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ პროცესში შესაბამისი გერმანული უწყებები ჩართო, რათა დამსაქმებელმა დაიწყოს დამსაქმებლებთან ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ხარვეზების გამოსწორება უკვე დაწყებულია“,– განაცხადა ნინო ველთაურმა.
ნინო ველთაური განმარტავს, რომ გერმანიის ფედერალურ შრომის სააგენტოში არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ შრომით პირობებს და ზრუნავენ მიგრანტების შრომით უფლებებზე და თუ დამსაქმებელი ვალდებულებებს არ შეასრულებს, გერმანული კანონმდებლობით, ჯარიმას დაექვემდებარება.
სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ დამსაქმებელმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესი უკვე დაიწყო, რასაც მისი თქმით, სააგენტოსთან კომუნიკაციაში საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ და ამჟამად სააგენტო დაკვირვების რეჟიმშია და თუ დამსაქმებელი ყველა ვალდებულებას სრულფასოვნად არ შეასრულებს, საქართველოს მოქალაქეები სხვა დამსაქმებელთან გადანაწილდებიან.
რაც შეეხება სამუშაო საათების ანაზღაურების საკითხს, ნინო ველთაურს იმედოვნებს, რომ იგი სამართლიანად გადაწყდება, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, გერმანულ მხარესთან დეტალების დაზუსტებაა საჭირო.
ამასთან, როგორც ირკვევა, გერმანიაში გამგზავრებული ჯგუფი უკვე დატოვა საქართველოს ორმა მოქალაქემ. „ისინი სქემიდან გავიდნენ, შესაბამისად, ჩვენ მათთან კომუნიკაციაში აღარ ვართ“,– აღნიშნავს ნინო ველთაური.
მისივე თქმით, გერმანიაში გამგზავრებამდე მოქალაქეებს სააგენტო აცნობს კონკრეტულ ვაკანსიას, აწვდის ინფორმაციას სამუშაო საათების, ხარჯების, ანაზღაურების შესახებ, რომელიც გაწერილია კონტრაქტში და თავად კონტრაქტები დასაქმებულებს გამგზავრებამდე გადაეცემათ.