ქართველები ეკონომიურ, ჰიბრიდულ ავტომობილებს ირჩევენ
საქართველოს მოსახლეობა მეორად, ეკონომიურ მანქანებს განსაკუთრებით ჰიბრიდებს ანიჭებს უპირატესობას.
2020 წელს საქართველოში განბაჟებული ავტომობილების 34.6% სწორედ ჰიბდრიდი იყო (ევროკავშირში 5.9%).
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში განბაჟებული მანქანების საშუალო შეწონილი ასაკი 8 წელი იყო (2019 წელს 7.5 წელი).
როგორც კვლევაშია მითიტებული, ადგილობრივები ჰიბრიდებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან საწვავის ეკონომია საშუალოდ 3 წელში აკომპენსირებს ჰიბრიდში გადახდილ ზედმეტ ფასს ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილთან შედარებით.
კვლევის თანახმად, საქართველოს ავტოპარკში რეგისტრირებული 1.38 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მხოლოდ 1.06 მლნ (77%) მოძრაობს გზებზე, დანარჩენები კი ძველი, გაუქმებული ავტომობილებია. საქართველოში ყოველ 1,000 მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 234-ია (გაუქმებული ავტომობილების გამოკლებით), რაც ბევრად ჩამორჩება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს (მაგ. 642 პოლონეთში, 562 ჩეხეთში, 355 რუმინეთში და ა.შ).
კვლევაში მითითებულია, რომ ქალი მძღოლების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის მდგომარეობით, ქალების მხოლოდ 20%-ს აქვს მართვის მოწმობა (მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 72%-ია), რაც მომავალში მოთხოვნის ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
Galt & Taggart-ი ვარაუდობს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 32 ათასი ქალი აიღებს მართვის მოწმობას.