საზოგადოება
28/02/2022

ქართული პროდუქცია უკრაინელებისთვის - რას გეგმავს "აწარმოე საქართველოში"

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ომის გამო საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფენ. ამაში კერძო სექტორიც ჩართულია. 

"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, გამოჩენილი სოლიდარულობისთვის. თუმცა, გვესმის, რომ მათი სოლიდარულობის მიუხედავად, კერძო სექტორი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს ტურისტების მოვლა-პატრონობას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა იმ რესურსს, რომელსაც პანდემიის კრიზისის პირობებში ვიყენებდით, სასტუმროების კუთხით, დავაფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, საქართველო იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვინც აქ დარჩა და დაბრუნება არ შეუძლია, საუბარია ტურისტებზე. ამასთან, საქართველოს ფოსტას დაევალა, უფასოდ განეხორციელებინა ამანათების მიწოდება უკრაინაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი ინფორმაციით, "აწარმოე საქართველოში"-მ დაწყო კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მიეწოდოს უკრაინელებს. ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალი მოგვიანებით გაჟღერდება.  

"ასევე, ტრანსპორტის კუთხით, როდესაც უკრაინულ გემებს პორტში შესვლის პრობლემა შეექმნათ, ჩვენ მათ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აღმოვუჩნეთ, მათ შორის ფინანსური რესურსებით. ეს ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება. საქართველო ამ ნაწილში სოლიდარულია და ვდგავართ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად სამართლიანობის მხარეს",- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.