კალაძე: გუდიაშვილის მოედნისა და შენობების ნაწილის რეაბილიტაცია სრულდება
თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაციას ასრულებს.
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეაბილიტაციის დროს, გამოვლენილი მნიშვნელოვანი არქეოლოგიურ იარტეფაქტები სამომავლოდ კონკრეტულ შენობაში განთავსდება.
"მომდევნო დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ და როგორი გამოვიდა ეს მოედანი თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ასევე, რეაბილიტაციის დროს, როდესაც სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობდა, აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და არტეფაქტები. ეს ყველაფერი ამჟამად თბილისის განვითარების ფონდში ინახება და სამომავლოდ, კონკრეტულ შენობაში განთავსდება. ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“, - აღნიშნა კალაძემ.
მერის თქმით, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ნაწილიც გრძელდება, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული.
„პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლია. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოები გრძელდება და მიმდებარე ქუჩები, სახლები, შენობა-ნაგებობები სრულად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა მერმა.