საზოგადოება
12/09/2021

კალაძე: 5-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი 8-სართულიანი კორპუსები აშენდება

კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაშლიჯვრის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

„ზოგ სახლს ავარიულობის ისეთი ხარისხი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი ოჯახები ქირით გვყავს გაყვანილი და ამაში მილიონებს ვხარჯავთ. უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზეც. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 16-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძე მოსახლეობას საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად სარაჯიშვილის ქ. 31-ში შეხვდა, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. ტერიტორია 2020 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. შედგა შეთანხმება და ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადასცა ტერიტორია და 15 000 კვ.მ-ზე გაშენდება პარკი, რეკრეაციული სივრცე, როგორც ვაშლიჯვრის, ასევე, სოფელი დიღმის მცხოვრებთათვის.

„სანამ რაიმე პროექტს დავიწყებთ, იმ პრიორიტეტებს ვითვალისწინებთ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ეს არამხოლოდ ვაშლიჯვრის, არამედ მთელი ქალაქისთვის განტვირთავს მოძრაობას. ზოგადად ვაშლიჯვარი მჭიდრო დასახლებაა. სადაც კი პატარა ხელჩასაჭიდი გვექნება, იქ აუცილებლად მოვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეს", - განაცხადა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ.