საზოგადოება
24/05/2021

კახა კუჭავა: ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთათვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მზად არის, ნამახვანჰესის საქინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდეს.  

„ჩემი კარი ყოველთვის ღიაა,  თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ  მისაღები იქნება,  სიამოვნებით გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ტელევიზიით იქნება ლაივი თუ სოციალური ქსელებით“,- აღნიშნა კახა კუჭავამ. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აქციის მონაწილეებს მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა შესთავაზეს.

„მარტივი მიზეზის გამო , რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ ისინი დისკუსიაში პარლამენტის ჩართვის შესაძლებლობას,  რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება და  რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას ამ ტიპის შეხვედრების მედიაციის წარმატებული პრაქტიკა ჰქონდა.

„პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ნდობა გაჩნდეს, თუ  რამდენად აქვთ სურვილი, ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ლაივი იქნება ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი შეთავაზება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც უნდა ჩაერთოს და ამაზეც უნდა ვისაუბროთ მათთან ერთად, შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრა არ იყოს მხოლოდ ფორმალური შეხვედრა და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკითხების მოკლე ვადებში განხილვას შეძლებს.