კახა კალაძე: მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილია
მერიის მიერ მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაციას, კახა კალაძე ტყუილსა და კონკრეტული მედიასაშუალების წარმოებული მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებს.
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებით გადაეცემა და ამ ვალდებულებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილება შედის.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000 ოჯახია, ეს პრობლემა 30 წელია არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. მეამაყება, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვარ ის ადამიანი, რომლებმაც ამ პროცესის მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა ამ ოჯახს დაუბრუნდება საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი. 2016 წელს სახელმწიფომ ეს ვალი აღიარა და მოგვანიჭა უფლებამოსილება, რომ მოხდეს ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერია დედაქალაქში ეძებს თავისუფალ მიწის ნაკვეთებს, რომელიც აუქციონზე გააქვს და ბიზნესსექტორს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს - ვინც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მეტ ოჯახს დააკმაყოფილებს და მათთვის მეტი ფართის გადაცემას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული.
„ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს მიწები ერთ ლარად არის გადაცემული და ნაჩუქარი. ეს არის დიდი ტყუილი. არ შეგიყვანონ შეცდომაში. ათეულობით მილიონის ინვესტიცია უწევთ ამ კომპანიებს და მილიონობით ლარის ფართებია გადმოსაცემი მერიისთვის, რათა ეს კონკრეტული ოჯახები დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, საბანკო საგარანტიო უზრუნველყოფით, რათა ხვალ-ზეგ ვინმე არ გაიქცეს, ეს ნაკვეთები ისე არ დარჩეს და მისი დასრულება შევძლოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამ დროისთვის საცხოვრებელი ფართებით 1 500-მდე დაზარალებული ოჯახი უკვე დაკმაყოფილებელია.