საზოგადოება
09/03/2022

კახა კალაძე: მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი გალამაზებული სივრცე იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორია დედაქალაქში ერთ-ერთი მოწესრიგებული სივრცე იქნება.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის მიმდებარედ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განაგრძობენ. 

"მოვაწესრიგეთ მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა. გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. იქ მხოლოდ გარევაჭრობა არ იყო პრობლემა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ჯიხურები. უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო. აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასული არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით  სარგებლობენ და ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები ტერიტორიის კეთილმოწყობას ახორციელებენ.

"გპირდებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული, გალამაზებული და გამართული ინფრასტრუქტურით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.