კახა კალაძე: მერიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 1 მლრდ ლარზე მეტი დახარჯა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლებში მერიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 1 მლრდ ლარზე მეტი დახარჯა. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერა, სწავლის დაფინანსება, სატრანსპორტო შეღავათები და ა.შ.
„სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა, ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. ამისთვის ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხებს გამოვყოფთ. მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი დაკლებია და კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯება.
რამდენიმე დღის წინ გვქონდა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია. უკვე რამდენიმე კვირაა დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე თბილისის მთავრობა. ამ წლების განმავლობაში, მოსახლეობას ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას კონკრეტულ პროექტებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა გვეწურება, ვალდებული ვართ, მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდოთ. “, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2018–2021 წლებში ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა დაინერგა.ეს პროგრამებია: “ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი: ფილიალების დამატება, ყველა ფილიალის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა (2 000 000 ლარამდე ინვესტიცია) და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა.
2018-2021 წლებში „ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში, 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან ღვიძლის გადანერგვა დაუფინანსდა 24 პაციენტს. ერთ მოქალაქეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია 70 000 ლარით უფინანსდება, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით, 2020 წლიდან მომსახურებას იღებს 87 პაციენტი. ერთი პაციენტისთვის - წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით, ძვირადღირებული პრეპარატები მიიღო 397-მა პაციენტმა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც ამ ეტაპზე, 1 375 პირი სარგებლობს.
„ერთ-ერთი მნიშვენელოვანი მიმართულებაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა, რომლითაც სარგებლობს - 1 375 პირი. აქ გვქონდა სერიოზული პრობლემა. მომლოდინე ბავშვების რაოდენობა იყო საკმაოდ მაღალი. ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ და მომავალშიც მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომლოდინე ბავშვების რაოდენობა არ არსებობდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.