საზოგადოება
28/04/2021

კახა კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო

კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ფერდის სტაბილიზაციისთვის ჩატარებულმა გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა, შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში.

„წარმოებული სამუშაოების შედეგად მოიხსნა მიწის მასების ნაწილი, რომელიც მაგისტრალურ წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა. დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა 24 საათიანი მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც დაკვირვენბისას მიმდინარე პროცესებზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა. ამჟამად, ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება,“– განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, მას შემდეგ რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, მაშინვე აღდგება ორმხრივი მოძრაობა და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი.