საზოგადოება
18/05/2021

კახა კალაძე: ისტორიული ძეგლების აღდგენისთვის რაც გავაკეთეთ ზღვაში წვეთია

თბილისში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

კახა კალაძე ამბობს, რომ ისტორიული არეალები ის განძია, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და კულტურული მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს გაფრთხილება ჭირდება. მერმა მაგალითად ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დაასახელა, აღნიშნა, რომ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება.

"მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეს ზღვაში წვეთია. იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა ის ადამიანი, ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება. ყველა მათგანი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული, იმიტომ, რომ ეს არის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება ჭირდება. ასე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია გუნდის დაპირება იყო და ის წარმატებით ხორციელდება.

„4 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას გავაკეთეთ პრეზენტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. ცხადია, ეს პროგრამა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანი დავასრულეთ, მალე დასრულდება გუდიაშვილის მოედნის, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია; დაწყებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კადეტთა კორპუსისა და სხვა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა ურბანული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.