საზოგადოება
28/04/2021

კახა კალაძე: გარე განათებების განახლებით დიდ ეკონომიას მივიღებთ

კახა კალაძის თქმით, გარე განათების განახლებით ძალიან დიდ ეკონომიას მივიღებთ.

ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი გარე განათების განახლების პროექტისთვის დამატებით დაფინანსებას არ გამოყოფს. ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებში დაიფარება.

„თბილისის მასშტაბით იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, დააკვირდებით, რომ LED სანათები მონტაჟდება, რაც დიდ ეკონომიას იძლევა. თუმცა, ქალაქში ის ყველგან არ არის და ზუსტად ეს პროექტი მოგვცემს ამის შესაძლებლობას. რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება თბილისში ღამის განათებისთვის.

დეტალები უკვე შემუშავებულია, კონსულტაციები და ბაზრის კვლევა ჩატარებულია, ბევრ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. ახლა უკვე გამოცხადდება ტენდერი და ვიმედოვნებ, დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან, გვექნება კონკურენტული გარემო, მივიღებთ საუკეთესო წინადადებებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისს ექნება მაღალი სტანდარტის გარე განათების სისტემა. ამ პროექტის განხორციელების ვადა, დაახლოებით, ერთი წელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.