კახა კალაძე: არ არსებობს დაყოფილი თბილისი, მე ყველას მერი ვარ
თბილისის მეორე ვადით არჩეული მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს "ჩემიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფილი თბილისი.
"ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი", - განაცხადა კახა კალაძემ და მერად არცევის შემდეგ თბილისის მთავრობის პირველ სხდომაზე მხარდამჭერებისადმი მადლიერება გამოხატა.
"მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო სხვა პარტიის მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ, მათაც მოსწონთ ის კარგი საქმეები, რასაც ჩვენ დედაქალაქში ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ისინიც თავიანთი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით ამ ქალაქში ცხოვრობენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც 2017 წლიდან დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ თბილისი უფრო მოწესრიგებულ და ჯანსაღ ქალაქად იქცეს, ბევრი შრომაა საჭირო.
„მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ, ჯანსაღ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად, თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო. მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგანაც ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად გავხადოთ თბილისი ბევრად უკეთესი, ვიდრე ის დღეს არის. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.