საზოგადოება
18/05/2021

კახა კალაძე: ახალი გენგეგმით, დედაქალაქში მწვანე სივრცის სტატუსი 4 მლნ მ² ტერიტორიას მიენიჭა

თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, - კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

მერის თქმით, ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება და განვითარება მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანი მიდგომაა ასევე ისიც, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები და მოვუაროთ“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერის თქმით, გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ხუთი მასშტაბური საპარკე არეალი შეიქმნა, ერთ მილიონ კვ. მეტრ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება და ქალაქს მეტი მწვანე სივრცე ექნება. ეს არის ახალი არეალები, რომელიც გენერალური გეგმითაა განსაზღვრული: საქალაქო პარკი მტკვრის ჭალებში - 135 ჰა ფართობი, დირსი ჭალის პარკი - 11 ჰა, ვაზისუბნის პარკი - 25 ჰა, დიღმის ჭალების პარკი -15 ჰა, ზღვისუბნის პარკი - 24 ჰა. ამ პროექტების განხორციელებას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ისინი მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. აღნიშნული პროექტების ნაწილი დავიწყეთ, ნაწილს ვაგრძელებთ და დეტალურად გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, 1 400 ჰა ტერიტორიას მიენიჭა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ხოლო 140 მილიონ კვ.მ ტერიტორიას სატყეო ზონა დაედო.

„ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას წარმოადგენს, სადაც ყოველგვარი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.