"ჯიპიაიმ" COVID-ვაქცინის შემოტანის პროექტი შეაჩერა - მიზეზი საერთაშორისო რეგულაციებია
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ამ ეტაპზე ე.წ. კომერციული ვაქცინის შემოტანის პროექტი შეაჩერა.
როგორც jandacva.ge-ს კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა განუცხადა, ამის მიზეზი ვაქცინების რეალიზაციაზე დაწესებული საერთაშორისო რეგულაციებია, მომწოდებელი კომპანია ჯერჯერობით ვერ ახერხებს პრეპარატის მიწოდებას. შესაბამისად, პროცესი შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინების ექსპორტზე კონტროლი აამოქმედა. 25 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტი შეაჩერა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რის გამოც ინდოეთი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას გეგმავს, ეს კი ვაქცინაზე მოთხოვნის გაზრდას გამოიწვევს.
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ თავის დაზღვეულებს COVID ვაქცინაციას შესთავაზებდა. ვაქცინაცია საწყის ეტაპზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ თანამშრომლებისა და კორპორატიულ მიმართულებაზე იგეგმებოდა.
ამ მიზნით კომპანია მოლაპარაკებას რამდენიმე ბიზნეს ჯგუფთან აწარმოებდა.