საზოგადოება
23/03/2021

ჯეპრამ და საქართველოს უნივერსიტეტმა "პიართონის" გამარჯვებულებს ნიკო ნიკოლაძის პრემია გადასცეს

საქართველოს უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ორგანიზებით კონკურსი „პიართონი“ გაიმართა.

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ საკომუნიკაციო კამპანიაზე, რომელიც უშუალოდ კონკურსის დაწყების წინ გახდა მათთვის ცნობილი.

„საქართველოს უნივერსიტეტმა და საკომუნიკაციო კომპანია „ჯეპრამ“ აჩვენეს, რამდენად ნაყოფიერი და წარმატებული შეიძლება იყოს აკადემიისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა, პიართონი ამ თანამშრომლობის შედეგის კარგი მაგალითია. ჩვენ ერთობლივად შევქმენით პირველი პრეცედენტი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ცოცხალი პროექტის განხორციელების, სადაც გაერთიანდნენ სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტები და სტუდენტები, რომლებმაც 24 საათის განმავლობაში დაუვიწყარი პროექტები შექმნეს. ყველა შექმნილი პროექტი რეალურად განხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სტუდენტებს და მომავალში პროექტის გაგრძელებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა ნათია კალაძემ.

მუშაობის პროცესში მონაწილე გუნდებს მენტორობას სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი ნათია ღლონტი უწევდა.

კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: „არდის“ უფროსი მარკეტინგის მენეჯერი ეკატერინე ხიდაშელი, wishlist-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ტელეწამყვანი და სოც.მედია მენეჯერი ზურა ბალანჩივაძე გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა ნიკო ნიკოლაძის პრემია 1200 ლარი, მეორე ადგილზე გასულ გუნდს - 800 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 500 ლარი.

„კონკურენტუნარიან გარემოში პროექტი ძალიან ბევრი გამოწვევით იყო სავსე,  რაშიც ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ და ამან გამარჯვებამდეც მიგვიყვანა. პიართონის შემდეგ თავს ერთი ნაბიჯით წინ ვგრძნობ. ერთი დიდი ნაბიჯით წინ პროფესიული წარმატებისკენ,“- განაცხადა პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრმა თედო შარაბიძემ.

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრმა ენდი თოდუამ ასე შეაფასა საკუთარი ნამუშევარი: „ჩვენი პროექტი გამორჩეული იყო კრეატიული მიდგომით და ხედვით კამპანიის მიმართ. მაქსიმალურად შევეცადეთ სამიზნე აუდიტორიისთვის შესაბამისი საკომუნიკაციო გზა გამოგვენახა და ვყოფილიყავით რაც შეიძლება უშუალოები მათთან. მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივი კონკურსის პირველი მონაწილე ვიყავი.“

„სტრატეგიული კომუნიკაციები, სწავლასთან ერთად, მყისიერ ქმედებას მოითხოვს, სხვაგვარად, შეუძლებელია ამ პროფესიაში გზის გაკვალვა. პიართონი კი სტუდენტებს აძლევს შანსს,  მიმართონ აუდიტორიას  მესიჯებით, რომლებიც თავად შეიმუშავეს და  მიაწოდონ სამიზნე სეგმენტს საკუთარი ხელით შექმნილი კონტენტი,“ - განაცხადა მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრმა ლალიტა კვიჟინაძემ.

კონკურსის პარტნიორმა კომპანია „არდიმ“ პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიანი სადაზღვევო პაკეტი საჩუქრად გადასცა.

„სადაზღვევო კომპანია არდი, როგორც საგანმანათლებლო პროექტების აქტიური მხარდამჭერი, მოხარულია, რომ ჩაერთო პროექტში ,,პიართონი", რომლის მიზანია სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. მსგავსი პროექტები აძლევს სტიმულს და მოტივაციას სტუდენტებს, რომ უფრო მეტი შემართებით წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც ჩავერთოთ ასეთ სასიკეთო პროექტებში.“-განაცხადა „არდის“ უფროსი მარკეტინგის მენეჯერმა ეკატერინე ხიდაშელმა.

ნიკო ნიკოლაძის პრემია 2019 წელს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრამ“ დაარსდა. იგი გადაეცემა სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებსა და სტუდენტურ გუნდებს.