"ჯეპრა" კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით გამოჩენილი ქართველი ქალების ხელნაწერ შრიფტებს შექმნის
კომპანია „ჯეპრა“ საშუალებას აძლევს ყველა მსურველს მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში და თავად შეარჩიოს ის ქალები, რომელთა ხელნაწერი შრიფტის შექმნასაც ისურვებდნენ.
„20 დეკემბრიდან წარმოგიდგენთ 20 გამოჩენილ ქართველ ქალს, რომლებმაც გარდამტეხი როლი იქონიეს საქართველოს ისტორიაში მწერლობის, ხელოვნების, პოლიტიკისა და თუ უფლებათა დაცვის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი იმსახურებს, რომ მათი ხელნაწერი შრიფტი არსებობდეს, პირველ ეტაპზე სამი ქალის ხელნაწერი გაციფრულდება. თუ რომელი სამი იქნება, ამას საზოგადოება თავად გადაწყვეტს.“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ 10 იანვრამდე.
ყველაზე მეტი ხმის მფლობელი სამი ცნობილი ქალის ხელნაწერ შრიფტს კალიგრაფი დავით მაისურაძე შექმნის, კომპანია „ჯეპრა“ კი მათ გაზაფხულზე წარადგენს.
„ჯეპრასთან ერთად უკვე შვიდი შრიფტი შევქმენით, რომლებიც ცნობილი ქართველი მოღვაწეების ხელწერას ეფუძნება, თუმცა მათ შორის არცერთი ქალი არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ქალი მოღვაწეების კალიგრაფიაში ბევრ სიახლეს, მრავალფეროვან ხედვასა და ხასიათს ვიპოვნით. ამიტომ ამ პროექტიდან რაღაც განსაკუთრებულს ველი.“- განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
„ჯეპრა“ 2017 წლიდან არაერთ პროექტს ახორციელებს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, იბრძვის გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას,
ხოლო გამოჩენილი ადამიანების ხელნაწერების მიხედვით შრიფტებს კომპანია 2019 წლიდან ქმნის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელნაწერები, ცოტა ხნის წინ კი უძველესი ქართული ძეგლების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი შეიქმნა.
ხელნაწერი შრიფტების გალერეა იხილეთ ბმულზე