საზოგადოება
25/02/2022

"ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება "ჯეოქეისის დისკუსიები სავაჭრო პოლიტიკის შესახებ" გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით დისკუსიათა სერიის ფარგლებში ონლაინ ღონისძიება  „ჯეოქეისის დისკუსიები სავაჭრო პოლიტიკის შესახებ“ გაიმართა, რომლის მიზანს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ტენდენციებსა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

სერიის პირველი ონლაინ ღონისძიება დაეთმო თემას - „საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენცია“. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა. მოდერატორობა კი ანალიტიკური ორგანიზაციის არარეზიდენტმა მკვლევარმა ეკონომიკის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.

დისკუსიისას მონაწილეებმა საქართველოს არსებული სავაჭრო პოლიტიკა, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაციის გამოწვევები და ტენდენციები მიმოიხილეს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპის-ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ასევე საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებლები შეაჯამა.  

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ისტორიასა და განხორციელებულ ცვლილებებზე, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულებისა და სააგენტოს საქმიანობის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების  შესახებ ისაუბრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დისკუსიისას ყურადღება ასევე გაამახვილა საგარეო ვაჭრობის უახლეს ტენდენციებზე. მან 2021 წელს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში გაზრდილი ექსპორტისა და არსებული იმპორტის მიმდინარე მონაცემები შეაფასა.

„ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით აფციაურმა, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან პრინციპებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაჩქარდეს საგარეო ვაჭრობის სასაქონლო სტრუქტურის, ასევე ამ მიმართულებით საკადრო პოლიტიკის განახლების პროცესი. დავით აფციაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო ეკონომიკური კავშირების ახალი მოდელის ფორმირების აუცილებლობაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ქვეყანაში ბიზნეს გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აღნიშნული პროცესის წარმატებისთვის ინვესტორებისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების და პროექტების  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით „ჯეოქეისის დისკუსიები სავაჭრო პოლიტიკის შესახებ“ მომავალშიც გაიმართება და ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხს განიხილავს.

 

იხილეთ ონლაინ დისკუსია სრულად https://bit.ly/3IjSZUB