ფოტო: Denis Balibouse/Reuters
საზოგადოება
23/05/2022

ჯანმო: ფართო საზოგადოებისთვის "მაიმუნის ყვავილის" რისკი დაბალია

ფართო საზოგადოებისთვის მაიმუნის ყვავილის რისკი დაბალია – ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში განაცხადა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები განიხილავენ აფრიკის მიღმა, 15 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების საკითხებს.

„რა თქმა უნდა, კოვიდის პანდემია ჩვენს მსოფლიოში ერთადერთი კრიზისი არ არის. ჩვენ ვეჯახებით დაავადებების, გვალვის, შიმშილისა და ომების საშიშ ერთობლიობას, რასაც კლიმატის ცვლილება, უსამართლობა და გეოპოლიტიკური შეჯიბრი კვებავს,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის გახსნაზე.

მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ისრაელსა და შვეიცარიაშიც, რაც უცხოეთში მოგზაურობას უკავშირდება. ისრაელში დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევას სწავლობენ.

შეგახსენებთ, რომ ბელგია მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებისთვის 21-დღიანი კარანტინი შემოიღო. The Brussels Times-ის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე დაავადების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

22 მაისის მდგომარეობით, მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 80-მდეა, საეჭვოა 50-მდე შემთხვევა. ჯანმოს შეშფოთებას იწვევს არა დაინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც არაა მაღალი, არამედ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დაავადებული, დიდი ალბათობით, დაკავშირებული არაა იმ ქვეყნებთან, სადაც მაიმუნის ყვავილი ენდემური ინფექციაა.

ამასთან, ბევრი შემთხვევა გამოვლინდა კლინკებში, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე არიან სპეციალიზებულები.

მაიმუნის ყვავილით ადამიანები ძირითადად გარეული ცხოველებისგან, მათ შორის მღრღნელებისა და პრიმატებისგან ინფიცირდებიან. მისი მეორადი გავრცელება კი ადამიანიდან ადამიანზე გადადებით ხდება, თუმცა – შეზღუდულად. ის გადადის ძალიან ახლო კონტაქტით, მათ შორის – საყოფაცხოვრებო პირობებში.

კერძოდ, დაინფიცირება შესაძლოა მოხდეს პირდაპირი კონტაქტით დაინფიცირებული ცხოველის სისხლთან, ბიოლოგიურ სითხესთან, ასევე დაზიანებულ კანთან ან ლორწოსთან. აფრიკაში დადასტურებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მოხვდა ინფიცირებულ მაიმუნებთანგამბიურ ვირთხებთან და ციყვებთან ურთიერთობის შედეგად, ამასთან, ვირუსის სავარაუდო რეზერვუარი არიან მღრღნელები. რისკის ერთერთ შესაძლო ფაქტორად სახელდება საკვებად დაინფიცირებული ცხოველის ხორცის გამოყენება სათანადო გადამუშავებსი გარეშე.

რაც შეეხება მეორად, ანუ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას, ეს ხდება ინფიცირებულის სასუნთქი გზებიდან ვირუსის გამოყოფის შედეგად, ასევე ბიოლოგიურ სითხესთან ან დაავადებული ადამიანის ინფიცირების კერების მასალებთან კონტაქტის შედეგად.

დაინფიცირებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი პირადი კონტაქტი, რის გამოც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დაინფიცირებულების ოჯახის წევრები არიან.

დაავადებას ახასიათებს სურდო, ცხელება, შემდეგ კი – გამონაყარი. უმრავლეს შემთხვევაში ადამიანი მედიკამენტების გარეშე იკურნება.

რაც შეეხება ვაქცინას, სპეციფიკურად მაიმუნის ყვავილისთვის ვაქცინა არ არსებობს, თუმცა კლასიკური ყვავილის წინააღმდეგ პროფილაქტიკურმა აცრამ თავის დროზე მოსახლეობის 85% მოიცვა, რასაც ადამიანებს შორის ამ ინფექციის სრული ლიკვიდაცია მოჰყვა. ამის შემდეგ ყვავილის ვაქცინა მსოფლიოს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ამის მიუხედავად, წარსულში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შედეგად შესაძლოა მაიმუნის ყვავილის მიმდინარეობა ნაკლებ მძიმე იყოს.

მაიმუნის ყვავილი პირველად 1970 წელს გამოვლინდა კონგოში, და ის 9 წლის ბიჭს დაუდასტურდა. მას შემდეგ შემთხვევების დიდი ნაწილი სოფლად, ნესტიან ტროპიკულ ტყეებში ფიქსირდება.

2003 წელს დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევები აშშ-ის დასავლეთში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაიმუნის ყვავილით ადამიანი აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ დაინფიცირდა. გაირკვა, რომ დაავადებულთა უმრავლესობას ჰქონდა კონტაქტი მოშინაურებულ მდელოს ძაღლებთან, რომლებიც დაინფიცირდნენ მღრღნელებისგან, ეს უკანასკნელნი კი შტატების ტერიტორიაზე აფრიკიდან მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის მომხრეებს სწორედ ყვავილის ინფექცია მოჰყავთ ვაქცინაციის მნიშვნელობის არგუმენტად, რადგან ეს დაავადება სწორედ აცრის შედეგად იქნა აღმოფხვრილი.

jandacva.ge