ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ₾6,93 მლრდ-მდე იზრდება
2021 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 6,93 მლრდ ლარით განისაზღვრება, - ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების პროექტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირა.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გაზრდის მიმართულებით ხდება და ამ გაზრდილი ბიუჯეტიდან უდიდესი ნაწილი არის ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება - ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანობაში 600 მლნ ლარით იზრდება.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი წილი - 446 მლნ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვისაა გამიზნული და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტში წელს ამ მიზნით ჯამში 846 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.
დაფინანსება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: მკურნალობის ხარჯებს, საწოლ-ფონდის მობილიზებას, ტესტებს, პირადი დაცვის საშუალებებს, ვაქცინაციისთვის საჭირო თანხას.
„თანხა სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის აცრა შევძლოთ. შესაბამისი მოლაპარაკებებიც დასრულებულია და სამედიცინო სექტორი მზად არის იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი განხორციელდეს და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რაც რჩება, არის მოსახლეობის ჩართულობის საკითხი. ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება მოუწევს როგორც სამინისტროს, ასევე თითოეულ ჩვენგანს, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც საბოლოო ჯამში პანდემიას შედარებით უმტკივნეულოდ გადაგვატანინებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, დამატებითი დაფინასება გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებებითაც: ესაა იმუნიზაციის, იშვიათი დაავადებების, დიალიზის პროგრამები, დევნილთა და ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა. ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 1 ივლისიდან, ნაცვლად 50 ლარისა, გაიცემა 100 ლარი. გაიზარდა დახმარების მიმღებთა რაოდენობა, რაც 215 ათას ბენეფიციარს შეადგენს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1,175 მლრდ ლარით, გადასახდელები 1,114 მლრდ ლარით იზრდება. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბიუჯეტის გაზრდა მეორე კვარტლის დასაწყისიდან ეკონომიკის გაუმჯობესების მიმართულებით რადიკალურად შეცვლილმა მდგომარეობამ განაპირობა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტს მხარს უჭერს, თუმცა შემდეგი ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის კომიტეტს აქვს გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები.
„არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად დროულად გადაწყვეტას საჭიროებს, მათ შორისაა ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი სამედიცნო ბრიგადების სახელფასო უთანაბრობის საკითხი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.