ჯანადაცვის სამინისტრო სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანას გეგმავს
2022 წლიდან საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა იგეგმება, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წელს ცენტრი დაიწყებს ჟანგბადის გამომმუშავებელი პორტატული გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას. სისტემა ცენტრს ჟანგბადის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებაში დაეხმარება და ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური პროცესების გამარტივებას.
თავის გამოსვლაში ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და 9 რეანიმობილი შეემატა.
ცბობილი გახდა, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50%-ის ოდენობის დანამატი გაიცემა.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა- რეაბილიტაცია და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის მოწყობილობით აღიჭურვა, რაც დისტანციური კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეიქმნა COVID საწოლების საინფორმაციო პორტალი, სადაც მიმდინარე რეჟიმში კლინიკები მონაცემების განახლებას ახორციელებენ. აღნიშნულმა შესაძლებელი გახადა თავისუფალი საწოლფონდის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება, რამაც გამოძახებების დროულად შესრულება განაპირობა და მოლოდინის რეჟიმი შეამცირა.
გარდა ამისა, სოფლის ექიმებისთვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად უტარდებათ ტრენინგები. ექიმებს შეუძლიათ მიიღონ განახლებული ინფორმაცია სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე.
2022 წელს დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.
დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.
jandacva.ge