საზოგადოება
07/12/2021

IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტის გადაამზადების პროგრამას აგრძელებს.

GITA-ს ცნობით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა 7 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე, მათ შორის პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია და სხვა. ჯამში 45 მიმართულება.

ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად.
პირველი ნაკადის მიღება 2020 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

"თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა, რომელთა უმრავლესობამ (70%) შეძლო წარმატებით ჩაებარებინა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება", - განმარტავენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები (soft skills) და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს ასევე რეალურ პროექტებზე მუშაობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები დისტანციურ რეჟიმში ინგლისურ ენაზე წარიმართება და მას სახელმწიფო აფინანსებს.

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში მიმდინარეობს.