ისრაელში მოვლის დაწესებულებაში მუშაობის სურვილი 1600-მდე ადამიანმა გამოთქვა
ისრაელში მოვლის დაწესებულებაში მუშაობის სურვილი 1600-მდე ადამიანმა გამოთქვა ისრაელის შინმოვლის სექტორში დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია 1582-მა ადამიანმა გაიარა.როგორც დასაქმების სააგენტოში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს,ისრაელში გაიგზავნა 125 განაცხადი, ამ დროისათვის კი შერჩეული 60 მონაწილე ისრაელის მხრიდან მომდევნო ეტაპზე გადასვლას ელოდება.
შეგახსენებთ: 2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, „ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ“.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2020 წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმი; დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცედურა 2021 წლის 12 აპრილიდან დაიწყო.
შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა, პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა); პაციენტის კვება/კვებაში დახმარება; პაციენტთან კომუნიკაცია; პალატის სისუფთავის დაცვა.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული; უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
ასაკი: 25-დან 45 წლამდე; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არმქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე.
შრომის ანაზღაურება: გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).
დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, რომლის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ისრაელი აუცილებლად უნდა დატოვოს.