საზოგადოება
01/05/2023

ისრაელში ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში საქართველოს 18 მოქალაქე დასაქმდა

2022 წელს ისრაელში, ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში საქართველოს 18 მოქალაქე დასაქმდა. ისინი ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემის ფარგლებში დასაქმდნენ, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა.

ამის შესახებ დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია.

ანგარიშის თანახმად, გასულ წლს 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან, საფრანგეთსა და ბულგარეთთან.

„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ - შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 6 თებერვალს, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყო 2021 წლის 15 თებერვლიდან.

2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით.

შედეგად, მსურველები შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში. 2022 წელს 1 231 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე.

რაც შეეხება ისრაელს, ამ პროგრამის განხორციელებისთვის შეიქმნა 13  მოკლევადიანი, სპეციალური სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მსმენელს აძლევს შესაძლებლობას შეიძინოს გერიატრიული ასისტენტის სპეციალისტებისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენცია. დღეს აღნიშნული სასწავლო კურსის მიწოდება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თბილისსა და რეგიონებში.

ბულგარეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას კი ხელი მოეწერა 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მისი საიმპლემენტაციო პროტოკოლი გაფორმდა 2021 წლის 30 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის.

Businesspartner