საზოგადოება
05/08/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, ვაქცინაცია უნდა გააქტიურდეს

პრემიერი ქვეყანაში ვაქცინაციის გააქტიურებაზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ არსებული მაჩვენებელი, რომელმაც გუშინ 20 000-ს მიაღწოა, საკმარისი არ არის.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი იმატებს. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჩაკეტვით ვირუსი ვერ დამარცხდება და ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა. პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა.