საზოგადოება
10/08/2021
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეები 64 ახალაშენებულ სკოლაში შეხვდებიან
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ახალაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.
ჯანდარას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მშენებლობა 3.882 მლნ ლარით მთავრობამ დააფინანსა. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი.
ჯანდარას საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაზაფხულზე დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლას აქვს გარე და შიდა სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები. ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მისაღებად სკოლა მზად არის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.