ირაკლი ბერაია: სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში სპეცტექნიკასთან ერთად, ათასამდე ადამიანია ჩართული
დღეს არის გლოვის დღე, საქართველო გლოვობს სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. ძალიან მძიმე წუთებია მათი ოჯახის წევრებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ მათთან ერთად ვატარებთ ამ უდიდეს ტკივილს. იმედს ვიტოვებთ, რომ საძიებო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებიან, ამისთვის ყველაფერი კეთდება, შესაძლებლობების მაქსიმუმი - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას გახდეს საჭირო, ადგილზე, მყისიერად მიიღება.
ბერაიას განცხადებით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში სპეცტექნიკასთან ერთად, ჩართულია ათასამდე ადამიანი.
"შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. შტაბში წარმოდგენილია ყველა უწყება, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სრული კოორდინაცია და სინქრონული მუშაობაა, ინფორმაცია შემოდის მუდმივად სტიქიური უბედურების ზონიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლის დამატებით მიღება შესაძლოა არსებული ვითარებიდან და ძებნითი სამუშაოებიდან გამომდინარე გახდეს საჭირო, მიიღება ადგილზე, მყისიერად და რეაგირება არის ეფექტიანი. უშუალოდ ადგილზე ვითარებას რაც შეეხება, მიმდინარეობს როგორც ცოცხალი ძალის საშუალებით ისე სპეცტექნიკით როგორც საძიებო, ისე გაწმენდითი სამუშაოები, 1000-მდე ადამიანია ამაში ჩართული, როგორც მაშველები, ისე სამხედროები, რეინჯერები. ადგილზე არიან მობილიზებული მედიკოსები, კინოლოგები სპეციალური აღჭურვილობით, მათ შორის, თერმული ფუნქციის მქონე დრონებით", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.