საზოგადოება
19/03/2021

ირაკლი ბენდელიანი: მეწყერის გამომწვევ მიზეზებს გეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაკეთდა. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით,მეწყერის გამომწვევ მიზეზებს გეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან.

მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში დაიწყეს.

„თუ ვინმეს იმის აპელირება სურს, რომ ეს ბზარები უფრო ადრე გაჩნდა და მერია ამ ინფორმაციას მალავდა, შემიძლია, ფაქტის დაფიქსირებამდე გადაღებული ვიდეოები წარმოგიდგინოთ და ამისთვის ანონიმური წყარო არ არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე განმარტებით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩენილი ბზარები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ ყოფილა და სპეციალისტებისგან გზის ჩაკეტვის რეკომენდაციაც არ გაცემულა.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.